გლაუკომის მსოფლიო კვირეული 2017

გლაუკომის მსოფლიო  კვირეული აღინიშნება ა.წ. 12-18 მარტს.

კვირეულს, გლაუკომის მსოფლიო ასოციაციისა WGA (World Glaukoma Association) და გლაუკომის მქონე პაციენტთა მსოფლიო ასოციაციიის WGPA (World Glaukoma Patient Association) ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი და ბოლო 8 წლის მანძილზე დიდი წარმატებით ტარდება. აღნიშნული ორგანიზაციების მიზანს გლაუკომით გამოწვეული სიბრმავის მინიმუმამდე დაყვანა და გლაუკომით დაავადებული პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

გლაუკომის მსოფლიო  კვირეულიგლაუკომაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და მოსახლეობას თვალის სისტემატური კონტროლისაკენ მოუწოდებს.

გლაუკომით 64 მილიონი ადამიანია დაავადებული მსოფლიოში; გლაუკომა წარმოადგენს სიბრმავის წამყვან მიზეზს.

ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მამაკაცები ქალებთან შედარებით, სიბრმავის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რაც მათი მხრიდან ადრეული სიმპტომების იგნორირებისა და სამედიცინო დაწესებულებებისადმი დაბალი მიმართვიანობის შედეგია.    

რა არის გლაუკომა?

გლაუკომა დაავადებაა, რომელიც იწვევს მხედველობის ნერვის შეუქცევად დაზიანებასა და მხედველობის ველის შევიწროვებას, რაც საბოლოოდ  სრული სიბრმავის მიზეზი ხდება. გლაუკომას „მხედველობის ქურდს“ უწოდებენ. ამიტომ, სიბრმავის პრევენციისათვის გადამწვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის დროულ გამოვლენასა და  მკკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყებას.  

გლაუკომის რისკ-ფაქტორებია:

  • 45 წელი და უფროსი ასაკი;
  • გენეტიკური განწყობა;
  • სტეროიდების ხანგრძლივი მიღება;
  • შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია და სხვა დაავადებები;
  • თვალის დაავადებები;
  • თვალის ტრავმა და ა.შ. 

მხედველობის ნერვის დაზიანების პროგრესირების შეჩერებისა და სრული სიბრმავის  პროფილაქტიკის მიზნით,  გადამწყვეტი მნიშვნელობა დაავადების დროულად გამოვლენასა და მკურნალობას ენიჭება.  

რეკომენდებულია ზოგადი ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება (45 წლის ასაკის  ზევით) წელიწადში ერთხელ. 

გლაუკომის მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტოზური, ლაზერული და ქირურგიული მეთოდებით.  

 

http://www.worldglaucoma.org/world-glaucoma-week/

https://www.glaucoma-association.com/about-the-iga/what-we-do/campaigns/