თირკმლის მსოფლიო დღე 2017

თირკმლის მსოფლიო დღეს საფუძველი ჩაეყარა ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოებისა და თირკმლის ფონდების საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით. იგი 2006 წლიდან ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს, მსოფლიოს 100 ქვეყანაში აღინიშნება.

თირკმლის საერთაშორისო დღის საგანმანათლებლო კამპანიის მიზანს წარმოადგენს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თირკმლის დაავადებებთან   დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე და ზოგადად, ჯანმრთელობისათვის თირკმელების უდიდეს როლზე; ხაზს უსვამს პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას, რათა მთელ მსოფლიოში შემცირდეს თირკმლის დაავადებების სიხშირე.

გარდა ამისა, თირკმლის საერთაშორისო დღის ერთერთ მიზანს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების სისტემატური სკრინინგი წარმოადგენს. 

2017 წლის თირკმლის მსოფლიო დღის თემაა: „თირკმლის დაავადებები და სიმსუქნე“. 

სიმსუქნის დროს ორგანიზმში ჭარბად გროვდება ცხიმი, რაც უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

სიმსუქნე თიკმლის დაავადებების უმნიშვნელოვანეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. იგი ზრდის თირკმლის ქრონიკული დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორების -   დიაბეტისა  და ჰიპერტენზიის განვითარების რისკებს.

აღნიშნული დაავადებები კი პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ თირკმლის ქრონიკული დაავადებებისა და თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის განვითარებაზე.

მსუქან ადამიანებში გაზრდილი მეტაბოლური მოთხოვნების   დასაკმაყოფილებლად საჭირო მეტი სისხლის გაფილტვრის (ჰიპერფილტრაციის) მიზნით, თირკმელები გაძლიერებულად იწყებენ მუშაობას. თირკმელების ფუნქციის გაზრდამ კი, შესაძლებელია, მათი დაზიანება და, გრძელვადიან პერსპექტივაში, თირკმლის ქრონიკული დაავადებების  განვითარება გამოიწვიოს.

საბედნიეროდ, სიმსუქნისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების პრევენცია (თავიდან აცილება) შესაძლებელია.

მოსახლეობის განათლება და ცნობიერების ამაღლება სიმსუქნის რისკებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის, მათ შორის სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ, თირკმლის დაავადებებისა და სიმსუქნის თავიდან აცილებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. 

2017 წლის თირკმლის მსოფლიო დღე ხელს უწყობს მოსახლეობის განათლებას სიმსუქნესა და თირკმლის დაავადებებს შორის არსებული კავშირის შესახებ, ადვოკატირებას უწევს ცხოვრების ჯანსაღ  წესს და ჯანდაცვის პოლიტიკის ისეთ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს პრევენციული ქცევის ხელმისაწვდომობას.   

 

http://www.who.int/life-course/news/events/world-kidney-day-2017/en/#

https://www.daysoftheyear.com/days/world-kidney-day/

 

მსოფლიო დღეები