ტუბერკულოზის მსოფლიო დღე 24.03.2017

2017 წლის 24 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია  სახელწოდებით

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის,  საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

1982 წლიდან ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა  ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882), რამაც საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

2017 წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე მიმდინარეობს სლოგანით „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“ მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის, საქართველოში მისი მასშტაბის და ამ დაავადების დასაძლევად გაწეული ძალისხმევის შესახებ. 

ტუბერკულოზი განკურნებადია, მაგრამ მაინც ეპიდემიას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაღალი ტვირთის გამო ტუბერკულოზმა წამყვანი საერთაშორისო  ორგანიზაციების და მთავრობათა ყურადღება მიიქცია. 2018 წელს დაიგეგმა გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს ამ დაავადებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ტვირთის შეფასებას და ხაზს გაუსვამს 2030 წლისთვის მისი დაამარცხების აუცილებლობას. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა ტუბერკულოზით, რაც ნიშნავს 28 500 ადამიანის დაავადებას ყოველდღიურად. 2000-დან 2015 წლამდე მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა 49 მილიონი ადამიანის გადარჩენა და ტუბერკულოზით სიკვდილის შემთხვევები შემცირდა 22%-ით. ამ მაჩვენებელმა 2015 წლისთვის შეადგინა 1,8 მილიონი ადამიანი, რაც ნიშნავს ამ დაავადების მიზეზით 4900-ზე მეტ სიკვდილს ყოველდღიურად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს. წინასწარი მონაცემებით 2016 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 3315 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2454 ახალი შემთხვევაა. შესაბამისად, რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 100000 მოსახლეზე 89.1 შეადგინა, ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა 100000 მოსახლეზე  ‐  66.

სახელმწიფოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით საქართველოში ხელმისაწვდომია ეფექტიანი დიაგნოსტიკა და  მკურნალობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდი GeneXpert აპარატების მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა 2 საათზე ნაკლებ დროში განისაზღვროს ტუბერკულოზის დიაგნოზი და დაავადების ფორმა ტუბსაწინააღმდეგო უმნიშვნელოვანესი პრეპარატის - რიფამპიცინის მიმართ მგრძნობელობის თვალსაზრისით. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებზე მგრძნობელობის კვლევა და ასევე,  ტესტირება აივ-ინფექციასა და C ჰეპატიტზე. ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი მედიკამენტები, ახალი ტუბსაწინააღმდეგო წამლების ჩათვლით. თუმცა, რეგისტრირებული შემთხვევების შემცირების დადებითი ტენდენციის მიუხედავად, მულტირეზისტენტული (MDR) ტუბერკულოზი კვლავ რჩება ქყევნის მთავარ გამოწვევად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დონორ ორგანიზაციებთან - აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდთან, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, ასევე სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ექიმები საზღვრების გარეშე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები, ეპიდემიოლოგები, არასამთავრობო სექტორი და პაციენტთა სათემო ორგანიზაციები, ერთიანდება ტუბერკულოზის დასამარცხებლად.

2017 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ძალისხმევის გაერთიანებაზე იმისთვის, რომ „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“, რაც მოიცავს სტიგმის, დისკრიმინაციის, მარგინალიზაციის და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის ბარიერების დაძლევას. ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ქმნის შესაძლებლობას, რომ ადამიანები შეუერთდნენ ტუბერკულოზთან ბრძოლას და ჩაერთონ განხილვის, განათლების და ადვოკატირების კამპანიაში.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ასევე, გაიხნა ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის პედიატიული დეპარტამენტის ახალი შენობია და ჩატარდა „მწვანე აქცია“, ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ატრიბუტიკის დარიგება და ხეების დარგვა.

თქვენც შემოგვიერთდით

გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად

არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა

 

იხილეთ ფოტოალბომი