საქართველო - FCTC 2030 პარტნიორი ქვეყანა

საქართველომ მოიპოვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს „FCTC 2030 პარტნიორი ქვეყნის" საპატიო წოდება; განისაზღვრა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისათვის აუცილებელი პოლიტიკური ნება და შეესაბამისი რესურსი. საქართველო შერჩეულ იქნა მსოფლიოს 15 ქვეყანას შორის და ერთადერთია ევროპის რეგიონიდან.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) მხარეთა კონფერენციის (COP) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად კონვენციის სამდივნომ ინიცირება გაუკეთა ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მიიღონ განვითარების ოფიციალური დახმარება (official development assistance - ODA), რათა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის გაძლიერების გზით მიაღწიონ მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs). აღნიშნული პროექტი კონვენციის სამდივნოს საშუალებას აძლევს აქტიურად დაეხმაროს WHO FCTC-ს ხელისმომწერ 15 ქვეყანას ჩარჩო-კონვენციის ქვეყნის დონეზე დანერგვის გაძლიერებაში. სწორედ ეს შერჩეული ქვეყნები გახდნენ „FCTC 2030 პარტნიორი ქვეყნები".

„FCTC 2030” პროექტს კონვენციის სამდივნო დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული ფინანსური დახმარებითა და გაეროს განვითარების პროგრამასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.