რას წარმოადგენს გულ–სისხლძარღვთა დაავადებები?

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები მოიცავს გულის კორონარულ დაავადებას–მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულურ დაავადებას–თავის ტვინის ინსულტი, მომატებულ არტერიულ წნევას (არტერიული ჰიპერტენზია), გულის რევმატულ და თანდაყოლილ  სარქვლოვან დაავადებებსა და  გართულების სახით-გულის უკმარისობას. გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი ქცევითი  რისკის ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და ალკოჰოლის საზიანო მოხმარება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2008 წლის მონაცემებით, მიოკარდიუმის ინფარქტითა და თავის ტვინის ინსულტით, 17,3 მლნ–ზე მეტი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. 5 შემთხვევიდან 4 სიკვდილის შემთხვევა მოდის დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე, ქალთა და მამაკაცთა პოპულაციებზე თანაბრად.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა ძირითადი ჯგუფის მორფოლოგიური საფუძველი, ათეროსკლეროზული პროცესია, რომლის არსიც მდგომარეობს სისხლძარღვის კედელში ცხიმოვანი მასების დალექვასა და მის ირგვლივ შემაერთებელი ქსოვილის განვითარებაში. ეს უკანასკნელი იწვევს სისხლძაღვის კედლის გასქელებასა და დეფორმაციას, სანათურის შევიწროვებასა და სისხლის მიმოქცევის შეფერხებას. ფიბროზული ფოლაქები სისხლძარღვში განვითარებას იწყებს ბავშვთა ასაკიდან. კვლევებით დადგენილია, რომ 10–14 წლის მოზარდთა 20%–ში ადგილი აქვს ათეროსკლეროზულ ცვლილებებს, რომელთა ინტენსივობა ყოველ მომდევნო 5 წელიწადში 10%–თ მატულობს. იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოს კვებავს დაზიანებული სისხლძარღვი, ვითარდება ორგანოს არასაკმარისი კვებით განპირობებული სიმპტომატიკა, გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების დაზიანებისას–ესაა სტენოკარდია და გულის კუნთის ინფარქტი, ხოლო ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებისას–თავის ტვინის ინსულტი.

ინსულტი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება. ეს იწვევს  თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში.

ინსულტი მწვავე სამედიცინო  გადაუდებელი მდგომარეობაა, რომლის დიაგნოსტირებისა და მართვის პრინციპი ეფუძნება კონცეფციას ,,დრო არის ტვინი და ტვინი არის დრო’’. პაციენტებში ინსულტის ადრეულ ეტაპზე ეფექტურ მართვას შეუძლია სიკვდილობისა და ავადობის შემცირება, თუმცა ადრეული მართვა შეუძლებელია დროული დიაგნოსტიკისა და შეფასების გარეშე (GP GPD in asoosiation with Royal College of General Prectitioners –Just in time,  BMG 2007.

http://www.who.int/topics/cardiovascular_diseases/en/http://www.heart.org/HEARTORG/Caregiver/Resources/WhatisCardiovascularDisease/What-is-Cardiovascular-Disease_UCM_301852_Article.jsp

გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი სიმპტომები და პაციენტის ქცევის მოდელი

იცოდე, როდის მიმართო ექიმს

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები  წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, მიუხედავად დაავადების სახეობისა. ამ პათოლოგიის განვითარების რისკებისა და სახიფათო ნიშნების ცოდნა დაგეხმარებათ დროულად იგრძნოთ საშიშროება.

ხართ თუ არა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მხრივ რისკის ქვეშ? თქვენი პერსონალური რისკი დამოკიდებულია აღნიშნულ დაავადებათა განვითარებასთან ასოცირებულ ფაქტორებზე, რომელთა ერთი ნაწილის კონტროლი შეუძლებელია, ხოლო დანარჩენების კონტროლს თქვენ შეძლებთ.

ფაქტორები,რომელთა კონტროლიც შეუძლებელია:

  • ასაკი
  • სქესი (მენოპაუზის შემდეგ ქალების რისკი უთანაბრდება და უსწრებს მამაკაცებისას)
  • ოჯახური ისტორია

 

ფაქტორები,რომელთა კონტროლსაც თქვენ შეძლებთ:

  • ქოლესტეროლის  შემცველობა სისხლში
  • ფიზიკური აქტივობა
  • თამბაქოს მოხმარება
  • წონა
  • არტერიული წნევა
  • შაქრიანი დიაბეტი

 

ძირითადი  ნიშნები და სიმპტომები საერთოა  გულ–სისხლძარღვთა დაავადებების უმრავლესობისათვის.

თუ თქვენ პერიოდულად გაქვთ  შემდეგი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს:

  • ძლიერი თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა
  • უცებ განვითარებული  დაღლილობის შეგრძნება
  • აჩქარებული გულისცემა (100 და მეტი დარტყმა წუთში)
  • არარეგულარული გულისცემა
  • ტკივილი გულმკერდის მიდამოში ან დისკომფორტი ფიზიკური დატვირთვისას, რომელიც იხსნება დასვენების შემდეგ
  • სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას და მოსვენებით მდგომარეობაში
  • ძილის დარღვევები

ინსულტის მაღალი რისკის პაციენტებსა და მათ ოჯახს წევრებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ინსულტის სავარაუდო სიმპტომების შესახებ, რათა მათი გამოვლენისთანავე  მათ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ან გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

გულის შეტევა უხშირესად ვითარდება უეცრად, მაგრამ არა ყოველთვის და გარკვეულ შემთხვევებში, ამ ინციდენტს  წინ უსწრებს:

  • შეტევითი ხასიათის ტკივილი, წვა  ან ზეწოლა მკერდის ძვლის უკან
  • ტკივილი ,რომელიც ვრცელდება და/ან ირადირებს ზურგში, კისერში, ყბებში ან მხარში
  •  გულისრევა, ცივი ოფლი
  • სწრაფი  და/ან არარეგულარული გულისცემა

 

ქალებში ტიპური იშემიური ხასიათის ტკივილი გულმკერდში შედარებით იშვიათია. ქალებში ამ მხრივ საყურადღებო სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • ქოშინი
  • გულისრევა/პირღებინება
  • ტკივილი ზურგში ან ყბებში
  • უეცრად განვითარებული დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება
  • ხველა
  • შფოთვა

 

http://www.thedacare.org/Symptoms-and-Conditions/Cardiology/Understanding-Heart-and-Vascular-Problems/Risks-and-Warning-Signs.aspx

 

 

 

 

1.რას გულისხმობს  სისხლის  მომატებული წნევა (ჰიპერტენზია)?

ჰიპერტენზია, ასევე ცნობილი, როგორც სისხლის მაღალი ან მომატებული წნევა–მდგომარეობაა, როდესაც სისხლძარღვები  მუდმივად მაღალი წნევის ქვეშ იმყოფებიან. სისხლი გულის მიერ  სისხლძარღვების საშუალებით  ორგანიზმის ყველა ნაწილს მიეწოდება. გულის ყოველი შეკუმშვისას, სისხლი გადაედინება სისხლძარღვებში. სისხლის წნევა წარმოიქმნება სისხლის ზეწოლით სისხლძარღვთა (არტერიების) კედლებზე, გულის მიერ სისხლის გადასროლისას სისხლძარღვებში. როცა წნევა მაღალია – გულს სჭირდება უფრო მძლავრი მუშაობა, რათა შეასრულოს ტუმბოს ფუნქცია.

სისხლის წნევის მაჩვენებლები – ტოლი ან მეტი, სისტოლური -140 მმ ვერცხლ.სვ  და/ან  დიასტოლური 90 მმ.ვერცხლ.სვ, - ითვლება ჰიპერტენზიად.

ზოგჯერ ჰიპერტენზიის სიმპტომებია თავის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის ფრიალი და ცხვირიდან სისხლდენა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰიპერტენზიას ხშირად ასიმპტომური (სიმპტომების გარეშე) მიმდინარეობა ახასიათებს.

 

2. რაში მდგომარეობს  საფრთხეები ჰიპერტენზიის დროს?

თუ მაღალია სისხლის წნევა, მაღალია სისხლძარღვოვანი გართულებების ანუ გულის, ტვინისა და თირკმლის დაავადებათა განვითარების რისკები.

არაკონტროლირებული, ანუ ცუდად ნამკურნალები ჰიპერტენზია გულის გადიდების და საბოლოოდ გულის უკმარისობის განვითარების საფუძველია. სისხლძარღვის კედელში შესაძლოა წარმოიშვას ანევრიზმა (გამოზნექილობა), რაც ხშირად სუსტი წერტილი ხდება სიხლძარღვის დახშობისა და დაზიანებისათვის. ეს პროცესი უხშირესად თავის ტვინში სისხლჩაქცევის (ინსულტი) მიზეზია, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, სიბრმავე და  გონებრივი სფეროს დარღვევები.

ჰიპერტენზიის გართულებები სხვა ფაქტორებთან ერთად გულის შეტევათა, ინსულტის და თირკმლის უკმარისობის განვითარების ალბათობას ზრდის. ეს ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სუფრის მარილის სიჭარბე რაციონში, დაბალი ფიზიკური აქტივობა, მუდმივი სტრესები, სიმსუქნე, მაღალი ქოლესტეროლი სისხლში და შაქრიანი დიაბეტი.

3. როგორ ავიცილოთ თავიდან  ჰიპერტენზია ან ვუმკურნალოთ მას?

ყველა ადამიანმა რეგულარულად უნდა გაიზომოს სისხლის წნევა, თუ ის აღმოჩნდა მაღალი – მიმართოს ექიმს.

ზოგიერთი პირისთვის ცხოვრების წესის შეცვლა (თამბაქოზე უარის თქმა, ჯანმრთელი კვება, მარილის მოხმარების შემცირება, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე  უარის თქმა და ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია) საკმარისი ხდება, რათა წნევა დარეგულირდეს. მეორე, უფრო დიდი ნაწილისათვის – ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია წნევის დამწევი წამლების ჩართვა მკურნალობის პროცესში. მკურნალობის პროცესში მუდმივად უნდა მონაწილეობდეს სამედიცინო პერსონალი და ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მასთან ერთად.

პირები, მაღალი წნევით და შეუღლებული  მდგომარეობებით – მაღალი გლუკოზა ან ქოლესტროლი სისხლში, მიეკუთვნებიან მაღალი რისკის კატეგორიას მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების მხრივ. ამგვარად, სისხლში ქოლესტეროლის, გლუკოზის და შარდში ცილის რეგულარული კონტროლი ასევე მნიშვნელოვანია.

ყველას აქვს შანსი, აიცილოს თავიდან ჰიპერტენზია და მისი მძიმე გართულებები ხუთი კონკრეტული აქტივობის გზით:

  • ჯანსაღი კვება

ü  ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრება, სწორად შერჩეული საკვების მოხმარება ახალშობილობისა და ადრეული ბავშვობის ასაკიდან;

ü  მარილის მოხმარების დღიური რეკომენდებული დოზის გათვალისწინება (5 გრამი დღეში);

ü  ხილისა და ბოსტნეულის 5 ულუფის საჭიროების გათვალისწინება დღიურ რაციონში;

ü  ცხიმის შემცირება რაციონში.

  • ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება (შეზღუდული მოხმარება, არა უმეტეს ერთი სტანდარტული დოზისა დღეში);
  • ფიზიკური აქტივობა – მინიმუმ 30 წუთი დღეში, წონის კონტროლი;
  • თამბაქოზე უარის თქმა;
  • სტრესის მართვა აუტოტრენიენგის, შესაბამისი ფიზიკური სავარჯიშოებისა და პოზიტიური სოციალური კონტაქტების გზით.

   4. როგორ არის გავრცელებული ჰიპერეტნიზია?

       ყოველი სამი მოზრდილიდან ერთზე მეტს მომატებული არტერიული წნევა აღენიშნება, რაც ინსულტითა და გულის შეტევით გარდაცვლილთა თითქმის 50%-ის მიზეზი ხდება.

მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების უმრავლესობაში დროულად გამოვლენილი ჰიპერტენზიის სწორი მკურნალობა ადექვატური დაბალფასიანი მედიკამენტებით მიმართულია სისხლძარღვოვანი გართულებების შემცირებისაკენ და ამ მხრივ შედეგები შესამჩნევია. მაგალითად, 1980 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 40% და ამერიკის რეგიონში 31%, 2008 წლისათვის შემცირდა 30% და 23%–მდე შესაბამისად. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აფრიკის რეგიონში მაღალი წნევის გავრცელების მაჩვენებელი 40–50%-ია და იგი  წლიდან წლამდე მატულობს.

განვითარებად ქვეყნებში ჰიპერტენზიის მქონე პირების დიდი ნაწილი არადიაგნოსტირებული და არანამკურნალებია , რაც ნაადრევი სიკვდილიანობისა და ინვალიდობის მაღალ რისკს ქმნის.

www.eshonline.org