Logo

ც ჰეპატიტი

title

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • C ჰეპატიტი არის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ანთებადი დაავადება და მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული ჰეპატიტის სახით. დაავადება შესაძლოა იყოს მსუბუქად მიმდინარე და მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, ან მძიმე და ქრონიკული, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება;
  • C ჰეპატიტის გავრცელება ხდება სისხლის მეშვეობით. ინფექციის გავრცელების ძირითად გზებს წარმოადგენს ინექციის უსაფრთხოების წესების დარღვევა, არასტერილური სამედიცინო იარაღების გამოყენება და შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა;
  • მსოფლიოში 71 მილიონ ადამიანს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი;
  • ქრონიკული ინფექციის მქონე პირების მნიშვნელოვან ნაწილს უვითარდება ღვიძლის ციროზი ან კიბო;
  • ყოველწლიურად დაახლოებით 399 000 ადამიანი კვდება C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით;
  • საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულია დაახლოებით 150 000 ადამიანი. მათგან დიდმა ნაწილმა არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ;
  • ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით შესაძლებელია დაავადებულთა 95%-ზე მეტის სრულად განკურნება და, შედეგად, ღვიძლის ციროზით და კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის ტვირთის შემცირება;
  • ამჟამად არ არსებობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.


2015 წლიდან საქართველოში დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, განიკურნოს ამ დაავადებისგან. პროგრამის ფარგლებში, C ჰეპატიტზე სკრინინგი და სამკურნალო საშუალებები მოსახლეობას მიეწოდება უფასოდ.

გამომწვევი / დაავადების მიმდინარეობა

C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) იწვევს როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ ინფექციას. მწვავე ინფექცია, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ მიმდინარეა და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია დაკავშირებული სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებასთან. ინფიცირებული პირების დაახლოებით 15-45% სპონტანურად გამოჯანმრთელდება ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. დანარჩენ 55-85%-ში ვითარდება ქრონიკული ინფექცია. ქრონიკული ინფექციით დაავადებულ პირებში მომდევნო 20 წლის განმავლობაში ციროზის განვითარების რისკი შეადგენს 15-30%-ს.

გადაცემის გზა

C ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება სისხლის გზით. ყველაზე ხშირად ის გადაეცემა:
  • ნარკოტიკების მოხმარებისას საერთო საინექციო მასალის გამოყენებით;
  • სამედიცინო დაწესებულებებში არასტერილური სამედიცინო იარაღების გამოყენების დროს;
  • შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმის დროს.


ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის დროს და ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე, თუმცა, გადაცემის ეს გზები იშვიათია. C ჰეპატიტის ვირუსი არ გადაეცემა: ძუძუთი კვებით, კოცნით, ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით, ინფიცირებულთან საკვების ან სასმელის გაზიარებით. მოდელირების შედეგად მიღებული სავარაუდო მაჩვენებლებით, მსოფლიოს მასშტაბით, 2015 წელს C ჰეპატიტით 1.75 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა (გლობალურად 23,7 ახალი შემთხვევა 100 000 ადამიანზე).

რისკ-ფაქტორები

C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან

  • ნარკოტიკების ინექციურად მოხმარებლები;
  • ინტრანაზალური საშუალებების მომხმარებლები;
  • ადამიანები, რომელთაც გადაესხათ სისხლი ან სისხლის პროდუქტები, ან ჩაუტარდათ სამედიცინო მომსახურება იმ დაწესებულებებში, სადაც ინფექციის კონტროლის პრაქტიკა არასათანადოდაა დანერგილი;
  • ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული დედებისაგან;
  • პირები, რომელთაც ჰყავთ მრავლობითი სქესობრივი პარტნიორი;
  • ვირუსული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა სქესობრივი პარტნიორები;
  • აივ ინფექციით ინფიცირებული პირები;
  • ყოფილი ან ამჟამინდელი პატიმრები;
  • ადამიანები, რომელთაც აქვთ ტატუ ან პირსინგი.


აივ ინფიცირებული 36.7 მილიონი ადამიანიდან, 2.3 მილიონს აღენიშნება C ჰეპატიტის ანტისხეულები სისხლში, რაც მიუთითებს გადატანილ ან მიმდინარე ინფექციაზე. აივ ინფექციის მქონე პირებში ღვიძლის დაავადებები სიკვდილობის მთავარი მიზეზია.

სიმპტომები / ინკუბაციური პერიოდი

C ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდი 2 კვირიდან 6 თვემდე გრძელდება. ინფიცირების შემდეგ ადამიანების დაახლოებით 80%-ს არ უვლინდება რაიმე სიმპტომი. მწვავე სიმპტომურ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ცხელება, დაღლილობა, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შარდის გამუქება, რუხი ფერის ფეკალური მასები, სახსრების ტკივილი და კანისა და თვალის სკლერის სიყვითლე.

გადამდებლობის პერიოდი

C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი გადამდებია დაავადების განკურნებამდე. პაციენტი აღარ ითვლება გადამდებად დაავადების განკურნების დამადასტურებელი ლაბორატორიული ტესტირების შემდეგ. თუმცა, სკრინინგისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტირებით, რომელიც სისხლში С ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულებს განსაზღვრავს, შედეგი ყოველთვის იქნება დადებითი და ეს სრულიად ნორმალურია.

სკრინინგი და დიაგნოსტირება

C ჰეპატიტის მწვავე ინფექცია ჩვეულებრივ ასიმპტომურია, რაც ართულებს ინფექციის ადრეულ დიაგნოსტირებას. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება მას შემდეგ, როდესაც ღვიძლის სერიოზული დაზიანება განვითარდება. ადრეული დიაგნოსტირებით შესაძლებელია ინფექციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილება და ვირუსის გადაცემის პრევენცია. C ჰეპატიტის ინფექციის დიაგნოზი ისმება ორ საფეხურად:
  • სკრინინგი ანტი-HCV ანტისხეულების სეროლოგიური ტესტით ავლენს ადამიანებს, ვინც ან ამჯერად ან ოდესმე ინფიცირებული იყო C ჰეპატიტის ვირუსით;
  • თუ სკრინინგის ტესტი დადებითია ანტისხეულებზე, საჭიროა C ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ის (რიბონუკლეინის მჟავების) განსაზღვრა ქრონიკული ინფექციის დასადასტურებლად, რადგან ვირუსით ინფიცირებულ პირთა დაახლოებით 15-45% ინფექციას გამოდევნის ორგანიზმიდან ძლიერი იმუნური სისტემის წყალობით და მკურნალობას აღარ საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ სპონტანურად განკურნებულთა სისხლში C ჰეპატიტის ვირუსი აღარ არის, სკრინინგული ტესტი ანტისხეულებზე მაინც დადებით შედეგს აჩვენებს, რაც აიხსნება იმუნური მეხსიერებით.


მას შემდეგ, რაც პირს დაესმება ქრონიკული C ჰეპატიტის დიაგნოზი, უნდა შეფასდეს ღვიძლის დაზიანების ხარისხი (ფიბროზი და ციროზი). ეს შეიძლება განხორციელდეს ღვიძლის ბიოფსიით ან სხვა არაინვაზიური გამოკვლევით (მაგ., ელასტოგრაფია). დამატებით, უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული ანალიზი C ჰეპატიტის გენოტიპის დასადგენად. არსებობს C ჰეპატიტის 6 გენოტიპი და ისინი მკურნალობაზე განსხვავებულად რეაგირებენ. უფრო მეტიც, შეიძლება ადამიანი ერთზე მეტი გენოტიპით იყოს ინფიცირებული. ღვიძლის დაზიანების ხარისხი და ვირუსის გენოტიპი გამოიყენება დაავადების მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მკურნალობა

იმუნური პასუხი ყველა ადამიანში განსხვავებულია, ზოგ შემთხვევაში ინფექცია თავისით იკურნება, ზოგჯერ კი ქრონიკული ჰეპატიტიც არ იწვევს ღვიძლის დაზიანებას. თუ მკურნალობის საჭიროება არსებობს, მისი მიზანი ვირუსისგან ორგანიზმის სრული გათავისუფლებაა. გამოჯანმრთელების ხარისხი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, ვირუსის შტამსა და მკურნალობის ტიპზე. მკურნალობის მეთოდები კი სწრაფად იცვლება. ბოლო წლებში შექმნილი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატები - სოფოსბუვირი, დაკლატასვირი და სოფოსბუვირ/ლედიპასვირის კომბინაცია ჯანმოს მკურნალობის უპირატესი სქემებია, რომლითაც 95%-ზე მაღალი ეფექტურობის მიღწევა შეიძლება. აღნიშნული მედიკამენტები წინა თაობის თერაპიულ რეჟიმებთან შედარებით გაცილებით ეფექტური და უსაფრთხოა, ასევე ნაკლებად ახასიათებს გვერდითი მოვლენები, პაციენტი მათ ადვილად იტანს და მკურნალობის ხანგრძლივობაც მცირე - 12 კვირაა. ამ პრეპარატების დახმარებით შესაძლებელი გახდა ბევრად მეტი დაავადებულის განკურნება. მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოების ღირებულება შედარებით დაბალია, მაღალი და საშუალო განვითარების ქვეყნებისათვის მედიკამენტების ფასები ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. ამ პრეპარატების გენერიული ვარიანტების დანერგვის შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში (ძირითადად, დაბალი შემოსავლების ქვეყნებში) მკურნალობის ღირებულება ბევრად შემცირდა.


C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომი ხდება, უმჯობესდება, იხვეწება მაგრამ პაციენტების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რჩება მკურნალობის გარეშე. 2015 წელს, 71 მილიონი HCV ინფიცირებული ადამიანიდან 20%-მა (14 მლნ) იცოდა საკუთარი დიაგნოზი, მკურნალობა კი დაწყებული ჰქონდა 7,4%-ს (1.1 მლნ). აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროგრესის მთელ მსოფლიოში გასაფართოებლად საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა.

დღეისათვის, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დაავადების მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე მიდგომებისა და საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების გათვალისწინებით და თითოეული მოქალაქის მკურნალობის ხარჯებს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. 2017 წლის ივნისის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტის მკურნალობა დაწყებული ჰქონდა 40 000-მდე ადამიანს.

კონტროლის ღონისძიებები:

ვირუსული C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ მისი პროფილაქტიკა დამოკიდებულია ვირუსის გადაცემის რისკის შემცირებაზე სამედიცინო დაწესებულებებში და მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, მაგალითად ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებლებს შორის, დაუცველი სქესობრივი კავშირის შემთხვევაში და სხვა.


ჯანმოს რეკომენდაციები პირველადი პროფილაქტიკისათვის:

  • ხელების ჰიგიენა: ხელების ქირურგიული დამუშავება, ხელების სწორად დაბანა და ხელთათმანის გამოყენება;
  • სამედიცინო ინექციების სწორად და უსაფრთხოდ შესრულება;
  • სამედიცინო ნარჩენებისა და მჭრელი საგნების უსაფრთხო გაუვნებელყოფა;
  • ზიანის შემცირების სრულფასოვანი სერვისების მიწოდება ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებელთათვის;
  • დონორული სისხლის ტესტირება B და C ჰეპატიტზე (აგრეთვე აივ ინფექციასა და სიფილისზე);
  • სამედიცინო პერსონალის გადამზადება;
  • კონდომის გამოყენების პრომოცია.


მეორეული და მესამეული პროფილაქტიკა

  • ცნობიერების ამაღლება და კონსულტირება, სამედიცინო მეთვალყურეობა და მკურნალობა;
  • B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა მოხდეს ამ ვირუსებით ინფიცირებისა და ღვიძლის დამატებითი დაზიანების პრევენცია;
  • ადრეულ ეტაპზე შესაბამისი მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში - ანტივირუსული თერაპია;
  • რეგულარული მონიტორინგი ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროული დიაგნოსტიკისთვის.


კონტაქტები

ინფექციის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია გამოვლენილ იქნას ყველა სარისკო კონტაქტი (ნარკოტიკების ინექციურად მოხმარებისას საზიარო შპრიცის კონტაქტები, სისხლის გადასხმისას - საფრთხის შემცველი სისხლისა და სისხლის კომპონენტების რეციპიენტები, კანის მთლიანობის დარღვევით წარმოებული არაუსაფრთხო სამედიცინო და არასამედიცინო მანიპულაციებისას - პერსონალი, პაციენტები, მომხმარებლები, ასევე სქესობრივი კონტაქტები) და მიზიდულ იქნენ შემდგომი კვლევისათვის.


გეოგრაფიული გავრცელება

C ჰეპატიტი გვრცელებულია მთელ მსოფლიოში, თუმცა ყველაზე მეტად ხმელთაშუა ზღვისპირა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, შესაბამისად, 2.3% და 1.5% პრევალენტობით; დანარჩენ რეგიონებში კი გავრცელება 0,5%-დან 1,0%-მდე მერყეობს. C ჰეპატიტის ინფექცია შეიძლება კონცენტრირებული იყოს გარკვეული მაღალი რისკის ჯგუფებში (მაგალითად, ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებლებში) და/ან ზოგად მოსახლეობაში. C ჰეპატიტის ვირუსის შტამების გავრცელება ვარირებს რეგიონების მიხედვით.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეაგირება

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ 2016 წლის მაისში მიიღო „ჯანმრთელობის სექტორის გლობალური სტრატეგია ვირუსული ჰეპატიტების შესახებ 2016-2021“. სტრატეგია ხაზს უსვამს ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო მოცვის მნიშვნელოვან როლს, მისი მიზნები თანხვედრაშია ათასწლეულის განვითარების მიზნებთან. სტრატეგიის წარმატებად მიჩნეულია ვირუსული ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი პრობლემის, აღმოფხვრა, რაც გულისხმობს 2030 წლისათვის ვირუსული ჰეპატიტის ახალი შემთხვევების 90%-ით და სიკვდილობის 65%-ით შემცირებას. სტრატეგია განსაზღვრავს ქმედებებს, რომლებიც უნდა განახორციელონ ქვეყნებმა და ჯანმოს სამდივნომ, რათა აღნიშნული ამოცანები იქნას შესრულებული.

2030 წლამდე ათასწლეულის ამოცანების შესრულების მხარდასაჭერად ჯანმო მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  • ცნობიერების გაზრდა, პარტნიორობის ხელშეწყობა და რესურსების მობილიზება;
  • არსებული მტკიცებულებების საფუძველზე პოლიტიკის შემუშავება და სამოქმედო ღონისძიებების დაგეგმვა
  • ვირუსის გადაცემის პროფილაქტიკა;
  • სკრინინგის, მოვლისა და მკურნალობის გაფართოება.


ჯანმო ყოველი წლის 28 ივლისს ორგანიზებას უწევს ჰეპატიტებთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნას ვირუსულ ჰეპატიტებზე ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება საქართველოშიც. ღონისძიებაში, როგორც წესი, მონაწილეობას იღებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები