Logo

ზოგადი ინფორმაცია

title

იმუნიზაცია

(პროგრამული კოდი 27 03 02 02)

 

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ქვეყნის მოსახლეობის დაცვა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან, მოსახლეობის უზრუნველყოფა ანტირაბიული ვაქცინითა და იმუნოგლობულინით, ასევე, სპეციფიკური შრატების/იმუნოგლობულინებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შექმნა.

 

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

 

მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) იმუნიზაციის წარმოებისათვის (მათ შორის, B ჰეპატიტით ინფიცირების  მაღალი რისკის ჯგუფს (დიალიზზე მყოფი პირები, ჰემოფილიით დაავადებული პირები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი პირები, მსმ პირები აივ-ინფექცია/შიდსით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, სამედიცინო პერსონალი) მიკუთვნებული პირების B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის ვაქცინაციისთვის) საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას;

ბ) სპეციფიკური (ბოტულიზმის, დიფთერიის, ტეტანუსის, გველის შხამის საწინააღმდეგო) შრატების/იმუნოგლობულინების და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას;

გ) ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას;

დ) გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვას;

ე) ვაქცინების, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებების, სპეციფიკური შრატებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) მიღებას, შენახვასა და გაცემა-განაწილებას „ცივი ჯაჭვის" პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან რეგიონულ/რაიონულ ადმინისტრაციულ ერთეულებამდე;

ვ) ცენტრის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, წითელას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობის არაიმუნურ ან არასრულად იმუნიზებულ ფენებში ეპიდჩვენებით იმუნოპროფილაქტიკის წარმოებას, გრიპის საწინააღმდეგო სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული პირების აცრას;

ზ) „ცივი ჯაჭვი“-ს მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვასა და მონტაჟს.

 

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამის მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინები და ასაცრელი მასალები, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებები, სპეციფიკური შრატები და ვაქცინები არ ითვალისწინებს თანაგადახდას.

2. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 ლარს, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი სოფლის ექიმისა და ექთნის შემთხვევაში 50-50 თეთრს.

 

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. მე-3 მუხლის „ა“, ,,გ“ (გარდა ანტირაბიული იმუნოგლობულინისა) და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინების, ასაცრელი მასალებისა (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) და ,,ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა ხორციელდება „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, გამარტივებული შესყიდვით, ხოლო იმ ვაქცინების, ასაცრელი მასალებისა და ,,ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“ (გარდა ანტირაბიული ვაქცინისა), „დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინების/შრატების/იმუნოგლობულინების და ,,ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის მონტაჟის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ბენეფიციართათვის ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

4. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება, რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების (შემდგომში – სჯდ) მეშვეობით იმ სამედიცინო დაწესებულებებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინებისა და შრატების/იმუნოგლობულინების ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს და ცენტრის მიერ განსაზღვრული წესით რეგისტრირებულნი არიან განმახორციელებელთან, სჯდ ცენტრებში გეოგრაფიული პრინციპით. სჯდ ცენტრების მიერ დარეგისტრირებული დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმით წარდგენილი უნდა იქნეს განმახორციელებელთან.

5. მე-3 მუხლის „ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის  ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტისათვის, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინისა და ასაცრელი მასალების და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაცემა სჯდ ცენტრების მეშვეობით „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ ამბულატორიული და სტაციონარული კომპონენტებისა და „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის მკურნალობის კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის, მოთხოვნის შესაბამისად.

6. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

7. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურებას ახორციელებს არაგეგმური ვაქცინების, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დაწესებულებები.

 

მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლები განისაზღვრება მე-5 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია ცენტრი.

 

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 22,400.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

16,410.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

160.0

3

ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

4,020.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

1,280.0

5

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

30.0

6

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

500.0

 

სულ

22,400.0.

 

მუხლი 9. დამატებითი პირობები

1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყვითელი ცხელების ვაქცინის გაცემისას პრიორიტეტი ენიჭებათ საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტებით წამსვლელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ითხოვენ შემომსვლელთათვის ვაქცინაციას ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ითვლებიან ყვითელი ცხელების გავრცელების არეალად.

2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური შრატები გამოიყენება მხოლოდ სამკურნალო მიზნით.

3. „ბცჟ" და „В“ ჰეპატიტის ვაქცინების მიმწოდებლები ასევე არიან სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ სამეანო მომსახურებას და აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დადგენილი წესით დარეგისტრირებულნი არიან სჯდ ცენტრებში ვაქცინების მიმღებად.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლებად ავტომატურად ითვლებიან სოფლის ექიმის პროგრამის მიმწოდებლები (სააგენტოს მიერ დაკონტრაქტებული ფიზიკური პირები და სამედიცინო დაწესებულებები) და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას (აღრიცხვაზე ჰყავთ 15 წლამდე ასაკის ბავშვები) და აქვთ ვაქცინების შენახვა/ლოჯისტიკა/ადმინისტრირებისათვის აუცილებელი პირობები, ასევე ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პირობები, არ წარმოადგენენ ზემოაღნიშნული პროგრამების მიმწოდებლებს, მაგრამ დადგენილი ფორმით დარეგისტრირდებიან სჯდ ცენტრში და მოსარგებლეებს ვაქცინებს მიაწვდიან უსასყიდლოდ, გაწეული მომსახურებისათვის (ექიმის კონსულტაცია და აცრა-ვიზიტი) დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე.

5. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“,  „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლებად ავტომატურად მიიჩნევა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის  ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „B“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმწოდებლად – „აივ-ინფექცია/შიდსის მართვა“,  „C ჰეპატიტის მართვა“, „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ სახელმწიფო პროგრამებით და ,,იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ სახელმწიფო პროგრამის ,,ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების” კომპონენტით განსაზღვრული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები.

6. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისა და სჯდ ცენტრების სარეგისტრაციო ფორმას, შერჩევის კრიტერიუმებსა და ვადებს ადგენს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით.

7. შენარჩუნებულ იქნეს ,,იმუნიზაციის“ 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს ამავე მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად.

8. სჯდ ცენტრები ვალდებული არიან, ვაქცინების, შრატების/იმუნოგლობულინებისა და ასაცრელი მასალების გაცემა განახორციელონ ვაქცინებისა და შრატების/იმუნოგლობულინების მიმწოდებლად რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებზე და სოფლის ექიმის პროგრამის მიმწოდებელ ფიზიკურ პირებზე, მას შემდეგ რაც განახორციელებენ აღნიშნული მიმწოდებლების მონიტორინგს „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის N01-57/ნ ბრძანებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

9. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლის მიმღებმა დაწესებულებებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:

ა) ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისა და მათთვის ჩატარებული (მ.შ. წინა პერიოდში) გეგმური და ეპიდჩვენებით აცრების თაობაზე ინფორმაციის სრულად აღრიცხვა;

ბ) ბენეფიციარის მშობლის და/ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ჩატარებული აცრების თაობაზე ცნობის/ამონაწერის პროფილაქტიკური აცრების რუკიდან (ფორმა 063) მათთვის (მიმდინარე და/ან წინა პერიოდში) გაცემა უსასყიდლოდ, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

10. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონელი, ურგენტულ შემთხვევებში – სასიცოცხლო სამედიცინო ჩვენებით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ პირებზე ვინც არ წარმოადგენს აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეს, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონელი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს 15 წლამდე ასაკის საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლის თაობაზეც ანგარიშგება უნდა განხორციელდეს შესაბამის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

11. სჯდ ცენტრმა უზრუნველყოს, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმღები სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მომართვისა და საქართველოს მოქალაქის განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაზე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გაცემა, საქართველოს მოქალაქის შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით ასაცრელად.  ამასთან, ცენტრი უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით იმ სამედიცინო პერსონალს, რომელიც იმყოფება პროფესიული რისკის ქვეშ, ასევე, B ჰეპატიტზე ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირებს (დიალიზზე მყოფ პაცინტებს, ჰემოფილიით დაავადებულ პირებს, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს, მსმ პირებს).

12. ცენტრს ეძლევა უფლება „ცივი ჯაჭვის" სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად შესყიდული და/ან დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული საქონელი დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს სჯდ ცენტრებს იმ პირობით, რომ აღნიშნული საქონელი გამოყენებული იქნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მხოლოდ იმუნიზაციისათვის არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში იმუნიზაციის პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისათვის (მ.შ. სოფლის ექიმის პროგრამის მიმწოდებელი ფიზიკური პირებისათვის) დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლებით.

13. წითელას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობის არაიმუნურ ან არასრულად იმუნიზებულ ფენებში ეპიდჩვენებით იმუნოპროფილაქტიკის წარმოების წესი და პირობები მტკიცდება ცენტრის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.

14. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლეები (გარდა აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებული პაციენტებისა და ,,C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისა), კონკრეტული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დამატებით განისაზღვრებიან ცენტრის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით. ამასთან, ბენეფიციართა დამატებითი ჯგუფის განსაზღვრა საჭიროა მხოლოდ წინა წლისგან განსხვავებული კონტინგენტის არსებობის შემთხვევაში.