Logo

სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღე

title

სუიციდი[i]

ფაქტები

·         ყოველწლიურად, მსოფლიოში 800 000 ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით (სუიციდით). 

·         ის ადამიანები, რომელთაც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე სცადეს თვითმკვლელობა, მომავალში სუიციდის მაღალი რისკის ქვეშ არიან.

·         თვითმკვლელობა 15-29  წლის ასაკში სიკვდილობის მეორე წამყვანი მიზეზია.

·         თვითმკვლელობის 79% დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ხდება.

·         მსოფლიოში, თვითმკვლელობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია: პესტიციდების დალევა (ქიმიური ნივთიერებები, გამოიყენება მავნებლების ან სარეველების წინააღმდეგ), თავის ჩამოხრჩობა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.

 

 

შესავალი

ყოველწლიურად, მსოფლიოში 800 000-ზე მეტი ადამიანი ასრულებს  სიცოცხლეს სუიციდით, კიდევ უფრო მეტი ცდილობს თვითმკვლელობას. სუიციდის თითოეული  შემთხვევა  ტრაგედიაა, რომელიც ხანგრძლივ გავლენას ახდენს ოჯახზე, საზოგადოებასა და მთელ ქვეყანაზე. 2016 წლის მონაცემებით, სუიციდი 15-29 წლის ადამიანებში სიკვდილის მეორე წამყვანი მიზეზია.

სუიციდი გლობალური პრობლემაა. ის არამხოლოდ მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, არამედ მსოფლიოს ყველა რეგიონში ხდება. 2016 წლის მონაცემებით, თვითმკვლელობის 79% დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა.

სუიციდი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა. თუმცა, ხშირად,  მისი პრევენცისთვის  დროული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და დაბალბიუჯეტური ჩარევაც კი საკმარისია. ეროვნულ დონეზე  ეფექტური რეაგირებისთვის, აუცილებელია სუიციდის პრევენციის დარგთაშორისი სტრატეგიის განხორციელება.

 

ვინ არის რისკის ქვეშ?

მართალია, მაღალი შემოსავლის ქვეყნებში სუიციდსა და ფსიქიკურ დარღვევას შორის კავშირი კარგადა ცნობილი (დეპრესია და ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული დარღვევები), თუმცა, ხშირად, სუიციდი იმპულსურად ხდება ისეთ კრიზისულ მომენტებში, როდესაც ადამიანს არ აქვს უნარი გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სტრესს. მაგალითად: ფინანსური სირთულეები, პრობლემები ურთიერთობებში, ქრონიკული ტკივილი ან ავადმყოფობა.

თვითმკვლელობასთან მჭიდრო კავშირშია ასევე კონფლიქტები, კატრასტროფა, ძალადობა, იზოლაცია. სუიციდის მაჩვენებელი მაღალია დაუცველ ჯგუფებშიც: დევნილები, მიგრანტები, ლესბოსელები, ბისექსუალები, ტრანსსექსუალები ან სხვა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები და მსჯავრდებულები. თუმცა, თვითმკვლელობის რისკი ყველაზე მაღალია იმ ადამიანებში, რომელთაც უკვე ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობა.

 

თვითმკვლელობის მეთოდები

თვითმკვლელობის 20% გამოწვეულია პესტიციდებით მოწამვლის შედეგად. მათი უმეტესობა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, სოფლებსა და სასოფლო-სამეურნეო რაიონებში ხდება. ჩამოხრჩობა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება თვითმკვლელობის ასევე საკმაოდ გავრცელებული ხერხია.

თვითმკვლელობისთვის ხშირად გამოყენებული საშუალებების შესახებ ინფორმაციის ფლობა მნიშვნელოვანია პრევენციული სტრატეგიის შემუშავებისა და თვითმკვლელობის იარაღის ხელმისაწვდომობის შემცირებისათვის.

 

 

 

პრევენცია და კონტროლი

თვითმკვლელობის თავიდან აცილება (პრევენცია) შესაძლებელია. სუიციდის მცდელობის ასაცილებლად, მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფებში, ინდივიდუალურ დონეზე მთელი რიგი ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული.

ესენია:

·         პესტიციდებზე, ცეცხლსასროლ იარაღზე და ზოგიერთ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის შემცირება;

·         სუიციდთან დაკავშირებული საკითხების  დიდი პასუხისმგებლობით გაშუქება მედიაში;

·         ალკოჰოლის ჭარბად გამოყენების შემცირების მიზნით ალკოჰოლის მოხმარების პოლიტიკის შემუშავება;

·         ფსიქიკური პრობლემების, ნივთიერებადამოკიდებულების, ქრონიკული დაავადებისა და მწვავე ემოციური სტრესის დროული გამოვლენა, მკურნალობა და მოვლა;

·         არასპეციალიზირებული სამედიცინო პერსონალის მომზადება სუიციდალური ქცევის შეფასებასა და მართვაში;

·         იმ ადამიანებზე, რომელთაც ქონდათ თვითმკვლელობის მცდელობა, შემდგომი ზრუნვისა და საზოგადოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

თვითმკვლელობა კომპლექსური და რთული საკითხია. მისი პრევენციისთვის აუცილებელია კოორდინაცია და ურთიერთთანამშრომლობა საზოგადოებასა და ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის, სამთავრობო, თავდაცვის, პოლიტიკის და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სექტორებს შორის. ეს ძალისხმევა ყოვლისმომცველი და ინტეგრირებული უნდა იყოს, რადგან ცალკე ვერცერთი მოახდენს საკმარის გავლენას ისეთ რთულ საკითხზე, როგორიცაა თვითმკვლელობა.

 

გამოწვევები და წინააღმდეგობები

სტიგმა და აკრძალვა/ტაბუ

სტიგმა, რომელიც ფსიქიკურ დარღვევებსა და სუიციდს ახლავას, ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ადამიანები, რომელთაც თვითმკვლელობის მცდელობა აქვთ, არ ითხოვენ და შესაბამისად, ვერ ღებულობენ მათთვის საჭირო დახმარებას. არასაკმარისი ინფორმაციის და ცნობიერების დაბალი დონის გამო სუიციდის პრევენცია სათანადოდ არ ხდება. იგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. დღემდე, ეს საკითხი მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანას აქვს ჯანდაცვის პრიორიტეტულ საკითხებში შეყვანილი; თვითმკვლელობის პრევენციის სტრატეგია კი მხოლოდ 38 ქვეყანას აქვს შემუშავებული.

ქვეყნებში, სუიციდის პრევენციის პროგრესისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საკითხის ღია განხილვა.

 

მონაცემთა ხარისხი

სუიციდის და სუიციდის მცდელობების შესახებ არსებულ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, ამავდროულად მათი ხარისხი არასრულია. მსოფლიოში, თვითმკვლელობის მაჩვენებლის შესაფასებლად,  ხარისხიანი მონაცემები მხოლოდ 60 ქვეყანას აქვს.

თვითმკვლელობის პრევენციის ეფექტური სტრატეგიისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია  ზედამხედველობის და მონიტორინგის სისტემის და ხარისხის გაუმჯობესება. სუიციდის ეროვნული თავისებურებები, ხასიათი და მეთოდები ხაზს უსვამს თითოეულ ქვეყანაში სუიციდის მონაცემების არსებობის, ხარისხისა და დროულობის გაუმჯობესების აუცილებლობას; მნიშვნელოვანია თვითმკვლელობების რეგისტრაცია, ასევე, საავადმყოფოში სუიციდის მცდელობით მოხვედრილ პირთა რეესტრის წარმოება; ქვეყნის მასშტაბით, თვითმმართველობების ჩართულობით  სუიციდის მცდელობის შესახებ გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარება.

ჯანმ-ოს  ქმედებები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სუიციდს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტად აღიარებს. ჯანმო-მ პირველი ანგარიში „სუიციდის გლობალური ანგარიში“ 2014 წელს გამოაქვეყნა. მისი მიზანია თვითმკვლელობისა და პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია  წევრ ქვეყნებს ეხმარება განავითარონ და გააძლიერონ თვითმკვლელობის პრევენციის სტრატეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მრავალდარგობრივი მიდგომა.

თვითმკვლელობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჯანმო-ს ფსიქიური ჯანმრთელობის  სამოქმედო პროგრამაში (mhGAP), რომელიც დაიწყო 2008 წელს. ის ქვეყნებს ფსიქიკური, ნევროლოგიური და ნივთიერებადამოკიდებულების შემთხვევებში საჭირო მომსახურების გაწევისა და მოვლის უზრუნველსაყოფად  მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გზამკვლევს საწვდის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალური 2013-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიზანი 2020 წლისთვის სუიციდის შემთხვევათა 10%-ით შემცირებაა.

დამატებით, სუიციდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების 3.4 სამიზნის ინდიკატორს: 2030 წლისთვის, პრევენციითა და დროული მკურნალობით, არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილობის ერთი მესამედით შემცირება, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშეწყობა.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო