ევროპის იმუნიზაციის კვირეული (EIW) აღინიშნება მთელს ევროპის რეგიონში ყოველი წლის აპრილის თვეში

* მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის     შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის
* წლების მანძილზე საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში, რომლის ფარგლებში ახორციელებს ფართო მასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს


•    გადარჩენილ სიცოცხლეთა რაოდენობის თვალსაზრისით კაცობრიობა მედიცინის სხვა არცერთ დარგთან არ არის ისეთ ვალში, როგორც იმუნიზაციასთან
•    იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში (პენიცილინი, რენტგენის სხივები, დნმ, ინსულინი, ანესთეზია და სხვა);


ზოგიერთი მძიმე დაავადება გაქრა?

ვაქცინების აღმოჩენამდე ათასობით ბავშვი იღუპებოდა იმ ინფექციური დაავადებებით, რომლებიც დღეს იმუნიზაციის  წყალობით იშვიათად გვხვდება. მაგალითად: წითელა, წითურა, ყივანახველა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, მიკროორგანიზმები, რომლებიც წლების წინ მძვინვარებდნენ დღესაც არსებობენ, მაგრამ იმის გამო, რომ ამჟამად ბავშვები ვაქცინების დახმარებით დაცულნი არიან, ჩვენ ამ დაავადებებს და მათ მძიმე შედეგებს ასე ხშირად ვეღარ ვხვდებით. 

მე-20  საუკუნეში სწორედ ვაქცინის დახმარებით მოხერხდა  ერთ-ერთი საშიში ინფექციური დაავადების ყვავილის ლიკვიდაცია.

ამჟამად, დასრულების ფაზაშია 1988 წელს დაწყებული პოლიომიელიტის ერადიკაციის ინიციატივა, რომლის ფარგლებში 2002 წელს საქართველო სერთიფიცირებულია, როგორც პოლიომიელიტისგან თავისუფალ ტერიტორია.

რომელი დაავადებები ექვემდებარებიან ვაქცინაციას?

საქართველოში ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11.2015წ). იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იმუნიზაციის პროგრამის მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინებით და შრატებით უზრუნველყოფა და აცრა–ვიზიტების მომსახურება არ ითვალისწინებს მოსარგებლეთა მხრიდან თანაგადახდას. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად აფინანსებს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული  10 ვაქცინის (BCG, Hep B (მონო), DPT-Hib-HepB-IPV, DPT, DT, Td, OPV, MMR, Rota, PCV) შესყიდვას, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ასევე სრულად არის დაფინანსებული კალენდრით გათვალისწინებული 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

რა არის ვაქცინები?

ვაქცინები შეიცავენ იმავე ანტიგენებს, რომლებიც იწვევენ დაავადებებს, თუმცა ეს ანტიგენები ვაქცინებში დახოცილი ან იმდენად დასუსტებულია, რომ მათ დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაავადების გამოწვევა არ შეუძლიათ, საკმარისად ძლიერები არიან საიმისოდ, რომ იმუნურმა სისტემამ აწარმოოს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავება. მეხსიერების შემნახველი უჯრედები უზრუნველყოფენ თავიდან ააცილონ  ადამიანს დაავადება თუ  მომავალში კვლავ აღმოჩნდებიან ინფიცირების საფრთხის წინაშე. ვაქცინაციის წყალობით ბავშვებს მთელი სიცოცხლის მანძილზე უვითარდებათ იმუნიტეტი და აღარ ავადდებიან ვაქცინაციას დაქვემდებარებული  დაავადებით.

რა არის იმუნიტეტი?

ადამიანის აქვს იმუნური სისტემა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილ დაავადების გამომწვევ მიკრობებს ხვდება, როგორც „უცხო დამპყრობლებს“.  ამ „უცხო დამპყრობლებს“  ანტიგენები ეწოდება და  მათ წინააღმდეგ საბრძოლველად იწყებს  ცილოვანი ნივთიერებების: ანტისხეულების  გამომუშავებას. ნორმალურ, ჯანმრთელ იმუნურ სისტემას ყოველ დღე  შეუძლია გამოიმუშაოს მილიონობით ასეთი ანტისხეული ათასობით შემოტევის (ანტიგენის) მოსაგერიებლად. ამას ორგანიზმი იმდენად ბუნებრივად აკეთებს, რომ ადამიანები  ვერც კი ვამჩნევთ. ანტისხეულები ხშირად ქრებიან მას მერე,  როგორც კი გაანადგურებენ შემოჭრილ ანტიგენებს. უჯრედები  (მეხსიერების საცავები) კი, რომლებიც მონაწილეობენ ანტისხეულების წარმოქმნაში, ორგანიზმში რჩებიან,    იმახსოვრებენ  ყველა იმ ანტიგენს, რომლებთანაც ოდესმე ჰქონიათ „შეხვედრა“  და იცავენ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე, თუკი ისინი კვლავ შეეცდებიან ორგანიზმში შემოჭრას.