ბიოუსაფრთხოების ოფიცერთა ქსელი

დკსჯეც-ის მიერ მთელი ლაბორატორიული ქსელისთვის შემუშავებული და იმპლიმენტირებულია ისეთი ბიოუსაფრთხოების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის, საზოგადოებისა და  გარემოს დაცვას ლაბორატორიული საქმიანობისას გამოყენებულ სხვადასხვა ბიოსაშიში მასალებისაგან.

დკსჯეც-ის ლაბორატორიული ქსელი იყენებს ბიოუსაფრთხოების უნიფიცირებულ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია ბიორისკების მართვაზე. აღნიშნული პროგრამა იმართება ბიოუსაფრთხოების ოფიცერთა ქსელის მიერ, რომლის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსები და წარმოადგენენ ბიოუსაფრთხოების კვალიფიციურ ექსპერტებს. დკსჯეც-ის ლაბორატორიული ქსელის თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე. ამ პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრის ბიოუსაფრთხოების კომიტეტი.

BSL-2 და BSL-3 (ბიოუსაფრთხოების მეორე და მესამე დონის ლაბორატორიები)

ლუგარის ცენტრში არსებობს BSL-3 და BSL-2 ლაბორატორიები რაც უნიკალურს ხდის მას კავკასიის რეგიონში. პათოგენების ეროვნული საცავი მოთავსებულია BSL-3 ზონაში. ამ ზონაში შესვლა მკაცრად შეზღუდულია, დაშვების კონტროლისთვის გამოიყენება სპეციალური ინდივიდუალური კოდების სისტემა და  თვალის სკანირება. BSL-3 ზონა წარმოადგენს მრავალ, სპეციალურ სერთიფიცირებულ  მომხმარებელზე გათვლილ ლაბორატორიას და აღჭურვილია ისეთი თანამედროვე სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობით და განგაშის სისტემებით, როგორიცაა ერთმიმართულებიანი ჰაერის ნაკადის სისტემა, დიფერენციული ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა, ორმაგკარიანი საჰაერო შლუზები, საშხაპეებით აღჭურვილი ვესტიბულები, ორკარიანი ავტოკლავები, იზოლირებული დეკონტამინაციის სისტემა, ჰაერის გამწოვი სისტემები ორმაგი HEPA  ფილტრებით,  აგრეთვე შესაბამისი  თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობით.