Logo

პირველად ისტორიის მანძილზე, მსოფლიო კიბოს ელიმინაციის ვალდებულებას იღებს

title

საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის დაჩქარების გლობალური სტრატეგიის ოფიციალური დასაწყისი

17 ნოემბერი, 2020

ძირითადი პრეზენტაცია (ნაწილი 1): 2:30 სთ-დან 4:00 სთ-მდე ცენტრალური ევროპის დროით (ჟენევა)

ტექნიკური ღონისძიება (ნაწილი 2): ახალი ტექნიკური მასალა ელიმინაციის განხორციელების ხელშესაწყობად 4:14 სთ-დან 5:30სთ-მდე ცენტრალური ევროპის დროით (ჟენევა)

 

[თბილისი, 17 ნოემბერი 2020]: გლობალურად, ყოველ ორ წუთში ერთი ქალი კვდება საშვილოსნოს კიბოს მიზეზით. ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს 570,000 ახალი  და სიკვდილიანობის 311,000 შემთხვევა აღირიცხება,  ხოლო 2030 წლისთვის  მოსალოდნელია ყოველწლიური ახალი შემთხვევების 700,000-მდე და გარდაცვალებების 400,000-მდე ზრდა[1]. საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია  აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც დაკავშირებულია უდიდეს პერსონალურ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთან.  ავადობისა და სიკვდილიანობის დიდი უმრავლესობა სიღარიბეში მცხოვრებ ქალთა შორის ვლინდება, აღნიშნულის მთავარ მიზეზს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ეფექტური პროგრამების   (მათ შორის ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი) შეზღუდული ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიის - საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის და კონტროლის დღევანდელი წამოწყება: საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის ელიმინაციის დაჩქარება  კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი ეთიოლოგიური ფაქტორი ადამიანის პაპილომა ვირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ  სტადიაზე ხდება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. კარგად ორგანიზებულ სკრინინგის პროგრამებს შეუძლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს მაჩვენებლების 80%-ით შემცირება ან 90%-ით, თუკი აღნიშნული კომბინირებულად  განხორციელდება მოზარდ გოგონებში HPV ვაქცინაციასთან ერთად.  არაორგანიზებული სკრინინგი გაუმართლებელია.

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრიორიტეტიზაცია იმითაცაა განპირობებული, რომ ის  ზეგავლენას ახდენს რეპროდუქციული ასაკის ქალებზე - შემთხვევების უმეტესობა  35-45 წლის ასაკის პაციენტებში ვლინდება, როდესაც ქალთა უმეტესობა მუშაობს, უვლის ოჯახებს, ან ორივეს ერთად ითავსებს; ამდენად საშვილოსნოს ყელის კიბოს სოციალური ზეგავლენა დიდია - ის ოჯახებს ტოვებს დედების გარეშე და ეკონომიკას აცლის შრომით რესურსს.

ახალ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება  მოსახლეობაში სერვისების ინტეგრირებული განხორციელების საჭიროებას, ყველა ქალისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის და ფინანსური დაცვის უზრუნველყოფას ეთმობა. სტრატეგიაში წარმოდგენილია საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის სამი მიმართულება: HPV ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი და მკურნალობა; 2030 წლისთვის მისაღწევი კონკრეტული სამიზნეებია: HPV ვაქცინაციის 90%-ით და  სკრინინგის 70%-ით მოცვა, საშვილოსნოს ყელის კიბოს წინარე დაავადებების და კიბოს მკურნალობაზე 90%-ით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პალიატიურ მზრუნველობაზე ხელმისაწვდომობის ჩათვლით. სამივე პრინციპი უნდა განხორციელდეს ერთობლივად და ელიმინაციის მიზნის მისაღწევად საჭირო მასშტაბით.  

90-70-90 სამიზნეების მიღწევა იძლევა არსებით სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს. არსებული შეფასებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში ინვესტირებული ერთი  აშშ დოლარის მოგება 3.20 აშშ დოლარს შეადგენს ეკონომიკისთვის, რასაც გადარჩენილი ქალების სახით შენარჩუნებული სამუშაო ძალა უზრუნველყოფს. გაანგარიშებებში სოციალური სარგებლის გათვალისწინების შემთხვევაში ყოველი ინვესტირებული დოლარის ამონაგები 26.00 აშშ დოლარი იქნება.[2]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიის მიმართულებით ქმედებების განხორციელება გააუმჯობესებს ქალთა ჯანმრთელობას, ხელს შეუწყობს  ჯანდაცვის სისტემის მობილიზებას და  თანასწორობას, რაც საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის გზის დასაწყისი გახდება“ – განაცხადა ბ-ნმა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა.  

საქართველოს მთავრობამ, ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სკრინინგის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია) და საერთაშორისო პარტნიორებთან (WHO, UNFPA, UNICEF, C/Can City Cancer Challenge) ითანამშრომლა  ეროვნული მექანიზმების შესამუშავებლად, რომლებიც საჭიროა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ორგანიზებული პროგრამების პროგრესული განხორციელებისთვის საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ტვირთის შესამცირებლად. აღნიშნულმა მხარეებმა აიღეს ვალდებულება განახორციელონ მომდევნო ნაბიჯები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიის შესაბამისად საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის მიზნით.

 

ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია გამოვკვეთოთ შემდეგი ვალდებულებები პრევენციის, სკრინინგის, მკურნალობის და მონაცემთა მართვის სფეროში:

  • პრევენცია: 2019 წლიდან HPV ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში , 10-12 წლის ასაკის გოგონებისთვის. HPV ვაქცინაცია იძლევა საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გრძელვადიანი დაცვის შესაძლებლობას.
  •  სკრინინგი: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამა დაიწყო 2008 წელს თბილისის მუნიციპალიტეტში და 2011 წელს გაფართოვდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.  კიბოს-წინარე დაავადებების სკრინინგს და მკურნალობას შეუძლია კიბოს განვითარების თავიდან აცილება.
  • მკურნალობა: საშვილოსნოს ყელის კიბოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის გაიდლაინები ამჟამად შემუშავების პროცესშია.  მათთვის, ვისაც აქვს ინვაზიური ავთვისებიანი სიმსივნე, დროული მოვლა და სტანდარტიზებული მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობაა, ხოლო პალიატიურ მზრუნველობას დიდწილად შეუძლია შეამციროს ტკივილი და ტანჯვა.
  • მონაცემები: კიბოს სკრინინგის ეროვნული რეგისტრის შექმნა სკრინინგში მონაწილეობის და მონაცემთა მართვის გასაუმჯობესებლად. ძლიერი მონიტორინგის სისტემა, რომელიც გულისხმობს პოპულაციური  კიბოს რეგისტრის მართვას, არსებითად მნიშვნელოვანია პროგრესის გამოვლენისა  და ღონისძიებების კორექტირებებისთვის.

„საშვილოსნოს ყელის კიბო კიბოს ის სახეობაა, რომლის ფაქტობრივი ელიმინაცია შესაძლებელია გლობალურად: დადგა ამის დრო. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, მოდით, გავხადოთ საქართველო რეგიონში ლიდერი და დავასრულოთ უსარგებლო ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია კიბოთი, რომლის თავიდან აცილებაც და მართვაც შესაძლებელია“ - განაცხადა ბ-ნმა სილვიუ დომენტემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საქართველოში.

 საქართველოს ჯერაც მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს განსახორციელებელი  100.000 ქალზე საშვილოსნოს ყელის კიბოს წლიური შემთხვევების ელიმინაციის ზღვარის მისაღწევად; საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს  16.7-ს 100,000 ქალზე წელიწადში. დღეს მოხარულნი ვართ, გაცნობოთ ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც შეიმუშავებს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის ეფექტურ ეროვნულ სტრატეგიას, განხორციელების გეგმას და უზრუნველყოფს რომ ქალთა საჭიროებები და პერსპექტივები კარგად იყოს წარმოდგენილი საქართველოში.

’’საქართველოში მცხოვრები ყველა ქალისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ, იყოს ინფორმირებული რისკ ფაქტორების, დაავადების ნიშნების და სიმპტომების თაობაზე  და იცოდეს, თუ ვის მიმართოს დახმარების მისაღებად. ასევე, თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, დაეხმაროს გოგონებს და ქალებს, ჰქონდეთ წვდომა პრევენციასა და მოვლაზე, რომელიც მათ ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ესაჭიროებათ,“ - აღნიშნა ქნ-მა ლელა ბაქრაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.  

 ეს მოძრაობა მიზნად ისახავს საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაზარალებული ყველა ადამიანის სურვილის და საჭიროებების ასახვას და ის უფრო ძლიერი იქნება, როდესაც მას  საზოგადოება და ინდივიდები წარმართავს. სხვა სიტყვებით, გლობალური სტრატეგიის წარმატება დამოკიდებულია ყველა ჩვენგანის მონაწილეობაზე! ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, შემოგვიერთდნენ საქართველოში ელიმინაციის პარტნიორობის შესაქმნელად. ამ გლობალური წამოწყების აღსანიშნავად და სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა დღეს განათებულია ცისფრად, ისევე, როგორც არაერთი ღირსშესანიშნავი მონუმენტი და შენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

მეტი ინფორმაციისთვის:

https://www.who.int/news-room/events/detail/2020/11/17/default-calendar/launch-of-the-global-strategy-to-accelerate-the-elimination-of-cervical-cancer

https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/336583/9789240014107-eng.pdf

https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=e8d0a1ef-0644-4ce5-9afe-cf5785536af1

 

საკონტაქტო პირები:

NCDC: ნანა მებონია N.Mebonia@ncdc.ge

WHO: ელისონ ეკბერგი ekberga@who.int 

UNFPA: სალომე ბენიძე benidze@unfpa.org

 

 



[1] IARC. Global Cancer Observatory (GLOBOCAN) 2018 შეფასებები: http://gco.iarc.fr/  

[2]     Bertram et al. საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის სტრატეგიის ინვესტიცია დაბალ და დაბალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში. პუბლიკაცია